Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: მოსამართლეებმა გაგვიმართეს ამხანაგური სასამართლო


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა გასვლითი სხდომა საგანგებოდ მათთან დასაპირისპირებლად მოიწვიეს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა 11 თებერვალს კარგად ორგანიზებული „ამხანაგური სასამართლო“ გამართეს.

„ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე (აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან) მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჩატარებულ სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს არაწევრი მოსამართლეებიც, მათ შორის - რეგიონებიდან.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ის არ ფლობდა ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომის ფორმატთან დაკავშირებით და არც ის იცოდა, რომ სხდომაზე დასმული შეკითხვების უმრავლესობა სწორედ არამოსამართლე წევრებისკენ იქნებოდა მიმართული.

„მე არა ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ, რომ შეკითხვები პარლამენტში კანონპროექტის ავტორებს დაუსვან... დღეს, მათ მიერ დაგეგმილი შოუ ვერ შედგა. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა დასტური იყო იმისა, რომ სულს ღაფავს მოსამართლეთა ერთიანობა, რომელიც კლანის ინტერესებზე დგას “, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თქმით, ისინი კონსტიტუციასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ ეკა ბესელიასა და მისი რვა თანამოაზრის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უპასუხოდ დატოვეს მოსამართლეების მიერ დასმული მრავალი შეკითხვა უვადოდ გამწესების გადავადებასთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენს ათეულობით კითხვაზე, თუნდაც ერთი არგუმენტი დაესახელებინათ, თუ რატომ უნდა იქნას ეს ცვლილება მიღებული ან სამართლებრივად ან მიზანშეწონილობის ჭრილში, ჩვენ მივიღეთ დუმილი... მათ უბრალოდ არა აქვთ არცერთი საპასუხო არგუმენტი““, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

11 თებერვალს, იუსტიციის საბჭოს გასვლით სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხმა არ ამოუღიათ. დოლიძის განცხადებით, მოსამართლეების მხრიდან იყო "პიროვნული თავდასხმაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG