Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი, „ელ ჩაპო“


ნიუ-იორკის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების ათი მუხლით დამნაშავედ ცნეს მექსიკის ნარკოკარტელ „სიანოლის“ მეთაური, ხოაკინ გუსმანი მეტსახელად „ელ ჩაპო“.

ბრალდებებს შორის არის კოკაინითა და ჰეროინით ვაჭრობა, იარაღის უკანონო შენახვა და ფულის გათეთრება. საქმის მასალებით, კარტელმა „სიანოლამ“ აშშ-ში ასობით ტონა ნარკოტიკები გაასაღა.

61 წლის გუსმანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მისი სასამართლო პროცესი თითქმის სამი თვეა გრძელდება. ნაფიც მსაჯულებს შეიარაღებული დაცვა აქვთ მიჩენილი. აშშ-ის ფედერალური სასაამართლოს ნიუ-იორკის განყოფილებაში, ბრუკლინში, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ.

გუსმანის კერძო არმიის ანგარიშზე მოდის ასობით მკვლელობა, ადამიანების მოტაცება და წამება. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ის აუპატიურებდა 13 წლის გოგონებს და მათ ეძახდა „ვიტამინებს“ ტონუსის ასამაღლებლად.

ადვოკატები ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ გუსმანი არ იყო კარტელის უფროსი, რომელიც დავალებებს იძლეოდა. მაგრამ ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა მისი სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

აშშ-ში 2017 წელს მოხდა გუსმანის ექსტრადიცია - მას შემდეგ, რაც მექსიკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ კორუმპირებული პენიტენციური სისტემის გამო ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის ყველაზე ცნობილი პატიმრის საიმედოდ დაცვას. მანამდე გუსმანი ხუთი თვე ემალებოდა მექსიკელ სამართალდამცველებს ციხიდან კილომეტრნახევარიანი მიწისქვეშა გვირაბით გაქცევის შემდეგ.

XS
SM
MD
LG