Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზღვრის" დარღვევისთვის დაკავებული ორი მშვიდობიანი მოქალაქე თავისუფალია


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ორი მცხოვრები, ემილ გოგოხია და გიგლა მიქავა. ისინი დაკავებულნი იყვნენ აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის.

გათავისუფლებულებს ენგურის ხიდთან დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც გიგლა მიქავა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე ტრავმა არ აღენიშნება და შეუძლოდ გახდომის მიზეზის დასადგენად გამოკვლევები უტარდება.

საოკუპაციო ძალების მიერ გათავისუფლებული ემილ გოგოხიას ინფორმაციით, გიგლა მიქავა შეუძლოდ გახდა ჯერ კიდევ დაკავებისას. გოგოხიას თქმით, მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ჯერ სოფელ ფიჩორში, შემდეგ კი გალში გადაიყვანეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ემილ გოგოხიას ცნობით, ისინი დააკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.

XS
SM
MD
LG