Accessibility links

„არ ავნო“: ინგლისელი ექიმის აღსარება


სალომე ასათიანის პოდკასტი

„არ ავნო“: ინგლისელი ექიმის აღსარება
please wait

No media source currently available

0:00 0:37:20 0:00
Direct link

„აქამდე რატომ არავინ დაწერა ასეთი წიგნი?“- ასე გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა „ობსერვერი“ ინგლისელი ექიმის, ბრიტანეთში ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგის, ჰენრი მარშის წიგნს „არ ავნო: სიცოცხლის, სიკვდილის და ტვინის ქირურგიის ამბები“, რომელიც 2014 წელს გამოიცა. ეს წიგნი მას შემდეგ ბევრ ენაზე ითარგმნა და ბევრ ქვეყანაში შეიძინა მკითხველი. ამბობენ, რომ ჰენრი მარშმა ახალ ჟანრს მისცა ბიძგი - ვეტერანი ექიმის აღსარების ჟანრს.

ფრაზას „პირველ რიგში, არ ავნო“ ჰიპოკრატეს მიაწერენ. ეს არის პრინციპი, რომელიც ყველა ექიმის პროფესიული მსოფლმხედველობის ფუნდამენტი უნდა იყოს. ჰენრი მარში თავის წიგნს ასე იწყებს - „მე ხშირად მიწევს ტვინის გაჭრა, და ამის კეთება მძულს“. და ამ უცნაურ და დამატყვევებელ ფრაზას მოსდევს უჩვეულოდ გულწრფელი, ტკივილიანი, ჰუმანური, პოეტური და ზოგჯერ ღრმა დისკომფორტისა და შეშფოთების გამომწვევი ტექსტი იმ გამოცდილების შესახებ, რასაც ტვინის ქირურგობა ჰქვია. რა განცდაა, როცა ადამიანის სიცოცხლე შენს ხელშია? როცა სამედიცინო იარაღებით ჭრი ორგანოს, რომელიც აზროვნებს, ქმნის ფიქრებს, გრძნობებს, ემოციებს, მოგონებებს? როგორ აგრძელებ ცხოვრებას, როცა პაციენტს ნდობას ვერ უმართლებ და ოპერაცია, ამა თუ იმ მიზეზით, ცუდად მთავრდება?

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

ამ წიგნში ჰენრი მარში წერს საკუთარ, ლამის სასწაულის ტოლფას წარმატებებზეც, მტკივნეული მარცხის შემთხვევებზეც და შეცდომებზეც, რომლებიც მან კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაუშვა. ის უჩვეულო გულწრფელობით გვაჩვენებს, რომ ექიმი, პირველ რიგში, ადამიანია - თავისი შიშებით, შფოთვით და ფსიქოლოგიით. რამდენად სწორია ექიმის ადამიანური მხარის, შიშების, შეცდომების და შფოთვის ასე ღიად ჩვენება? ეს ხომ პაციენტებს კიდევ უფრო მეტად შეაშინებს? - ეს არის ის ორი კითხვა, რომლებსაც ჰენრი მარშს ყველაზე ხშირად უსვამენ ხოლმე მის მრავალრიცხვოვან ინტერვიუებში. რაზეც ის მშვიდად და მტკიცედ პასუხობს - პირიქით. ექიმის და პაციენტის ურთიერთობაში ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ხოლო გულწრფელი ექიმი უფრო ადამიანურია და, შესაბამისად, გაცილებით უფრო სანდო.

ჰენრი მარში ირონიით უყურებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნეიროქირურგია „მეცნიერების და ხელოვნების ნაზავია“. ის ამბობს, რომ ტექნიკურ სამუშაოს ნეიროქირურგი პრაქტიკასთან ერთად სწავლობს და ეს ტექნიკა შესაძლოა უფრო მარტივიც კი იყოს, ვიდრე, მაგალითად გულის, ან თვალის ოპერაციები. მაგრამ ნეიროქირურგიას ის გარემოება გამოარჩევს, რომ ის ადამიანის სიცოცხლის ხარისხს ეხება. გულის, ან სხვა ორგანოების ოპერაციის შემთხვევაში პაციენტი ან გადარჩება, ან დაიღუპება; მაგრამ ტვინის ოპერაციამ ის შეიძლება სამუდამოდ შეცვლილი, დაუძლურებული, შეზღუდული შესაძლებლობებით დატოვოს. ჩემს პროფესიაში ყველაფერზე რთული ეს არისო, იმეორებს ის. სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი იმ მომენტში, როცა ადამიანი, თავისი ინდივიდუალიზმით, აზროვნებით, გრძნობებით და ემოციებით შენს ხელსაა მონდობილი.

ნეიროქირურგები პრაქტიკოსი ხალხიაო, გვეუბნება ჰენრი მარში; ოპერაციების დროს ისინი ნაკლებად ფიქრობენ ფილოსოფიურ საკითხებზე, ადამიანის ტვინის, გონების და სულის ურთიერთმიმართებაზეო. ნეიროქირურგისთვის ტვინი პირველ რიგში ორგანოა - გარსი, სითხე, რუხი ნივთიერება, ქერქი, ქსოვილი - რომელსაც უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეპყრო. და, „არ ავნო“, უპირველეს ყოვლისა.

პოდკასტის ამ გამოშვებაში ჰენრი მარში ბევრ თემაზე საუბრობს - მათ შორის იმ პოტენციურ საფრთხეზე, რასაც ექიმს „ვარსკვლავად“ გადაქცევა და საკუთარი „ეგო“ უქმნის; აუცილებელ ბალანსზე პაციენტთან ურთიერთობაში - თანაგრძნობა და სითბო არ უნდა გადაიზარდოს მეტისმეტად ახლო ემოციურ კავშირში, რადგან ასეთ დროს ექიმი თავის საქმეს კარგად ვეღარ გააკეთებს. თავის ბიოგრაფიაზე, ინგლისის წამყვან უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებაზე პოლიტიკისა და ფილოსოფიის სფეროებში - და უეცრად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ქირურგი უნდა გამხდარიყო. საუბრობს უკრაინაში უკვე ორ ათწლეულზე მეტხანს გაწეულ საქმიანობაზე, საქართველოში მოკლე ვიზიტზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც საბჭოთა სისტემამ დაუტოვა ექიმებს და სამედიცინო სფეროს.

ჰენრი მარში იმ დაღსაც ეხება, რომელსაც კომერციული ლოგიკა ასვამს ექიმის და პაციენტის ურთიერთობას. როცა ექიმს, თუ კლინიკას პირიველ რიგში ეკონომიკური მოგების სურვილი ამოძრავებს და პაციენტს უწინარესად „მომხმარებლად“ ან „კლიენტად“ აღიქვამს, ეს ხშირად იწვევს მისთვის ზედმეტი, არასაჭირო, ძვირადღირებული პროცედურების და ანალიზების დანიშვნას, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ გაუმართლებელი ქირურგიული ოპერაციების ჩატარებასო - ამბობს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG