გერმანული მხარის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით" განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის - კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.
"დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ
დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.