Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობისა და TBC ბანკის საქმეს ერთმანეთისგან მიჯნავს


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, ერთმანეთთან კავშირში არ არის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი და TBC-ს ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მისი თქმით მთავრობის ამოცანაა ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა,- რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.

„მინდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან. ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ მიმართულებით მთავრობის რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მხრიდან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ამ პროექტის მხარდაჭერა და, მეორეა - ის საგამოძიებო მოქმედებები ან საკითხები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას. ამდენად, მე ამ ორ რამეს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი და ჩვენი, როგორც მთავრობის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

XS
SM
MD
LG