სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყველა სომეხს მოუწოდა, აღნიშნონ 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ფაშინიანმა 21 თებერვალს ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ 1 მარტის საზეიმო ცერემონია ერევნის ცენტრში გაიმართება და მიეძღვნება „სომეხი მოქალაქის გამარჯვებას“.
„მარში იქნება ძალადობის, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, უკანონობის წინააღმდეგ. და ის დაამტკიცებს, რომ სომეხი მოქალაქის გამარჯვება შეუქცევადია... ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ათ ადამიანს, რომელიც 2008 წლის 1 მარტს დაიღუპა, ასევე პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლთ,“ თქვა ფაშინიანმა.
2008 წლის 1-2 მარტს სომხეთის მთავრობამ ძალა გამოიყენა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მას შემდეგ, რაც ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა მაშინდელი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ახლო მოკავშირე სერჟ სარქისიანი.
დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.
ფაშინიანი გასულ წელს გახდა პრემიერ-მინისტრი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, რომელსაც ედგა სათავეში.
რობერტ ქოჩარიანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად სდებენ, რომ მან 2008 წელს სამართალდამცველებს უკანონოდ გასცა ოპოზიციის მომხრეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანება.