„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მიმართავს ქვეყანაში მართლმსაჯულების საკითხების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილში გამოთქვამს შიშს, რომ არსებობს რისკი, რომ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების სახელი და რესურსი გამოყენებული იყოს იმ პროცესების ლეგიტიმაციისთვის, რომელიც არა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას, არამედ ვიწრო ინტერესთა ჯგუფს და მათი გავლენის გაძლიერებას ემსახურება:
„დღეისათვის ქართულ მართლმსაჯულებაში შექმნილია არაორდინარული ვითარება. სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ხელშეწყობით და არასწორი რეფორმების შედეგად, სასამართლოს სისტემის სადავეებში მოექცა პირთა ვიწრო ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის ხელთ არსებულ მექანიზმებს იყენებს არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, სასამართლოს ნდობა დღითიდღე ეცემა, სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული“, - წერია განცხადებაში.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დიპლომატებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გამოსავალი სასამართლოში არსებული კლანის წევრების და საბჭოში მათი მხარდამჭერი 11 წევრის გადადგომა და ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა.
„პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამჟამად მიმდინარე სამუშაო პროცესის გაცხადებული მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის და კრიტერიუმების გაწერაა. პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ფორმატის არადემოკრატიულობის და პრობლემური შემადგენლობის გამო, ბევრმა მონაწილემ პროტესტი გამოთქვა 27 იანვარს გამართული შეხვედრის ფორმატთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით.
ამ ვითარებაში კი პარლამენტის მიერ ვრცელდება ინფორმაცია თქვენთან შეხვედრის და როგორც ჩანს, უკვე მომზადებული კანონპროექტის დეტალების განხილვის შესახებ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონპროექტში გარკვეული ჩასწორებები სწორედ თქვენი რეკომენდაციების შესაბამისად შევიდა. არ ვიცით რამდენად ზუსტად ასახავს ეს ინფორმაცია თქვენი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შინაარსს, თუმცა გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ შეხვედრაზე წინსწრებით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტისთვის მხარდაჭერა არ გამოგიცხადებიათ“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ღია წერილში.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეაფასონ სასამართლო რეფორმის შედეგები და არ დაუშვან მათი სახელის გამოყენებით იმ პროცესის ლეგიტიმაცია, რომელიც მათი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს და არ ეხმიანება.
ღია წერილს ხელს აწერენ ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.