Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია


"დღეს ემოციურად დატვირთული ვარ, ისედაც იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ახლა შეიძლება საათებს ითვლის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ უთხრა ჟურნალისტებს.

„ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი, სამწუხაროდ. მაგრამ ის, ვინც ბრძოლის შედეგად მოვიდა და აქ არის, პატივსაცემი ხალხი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, მას არ გაუჭირდება იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ. სამადაშვილი, რატიანი, მელია დაუჭერენ თუ არა მხარს კანონპროექტს, ჩემთვის ეს არ არის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე 21 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

XS
SM
MD
LG