"საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო" თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ყველა ქმედება და პროცესი ზედმიწევნით კორექტული და გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასთან, "საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო" პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნესსაბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის რვაკაციანი კომისია.
"განვითარებად ქვეყნებში ბანკების მიერ პოპულარობის მოპოვება ყოველთვის რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „თიბისიმ“, როგორც საბანკო ინსტიტუტმა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების განთავსებაც დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი.
„თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილ რთულ ვითარებაზე ვთვლით, რომ საკითხი უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილ-გამოძიებული. პროკურატურის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნულ საქმეში კვალიფიციური კადრების ჩართვა, რათა არ იყოს დაშვებული რაიმე კაზუსი, რაც საქმეს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ეს ეხება არა მარტო ბანკის ხელმძღვანელობას, არამედ „თიბისის“, როგორც ერთ-ერთ წამყვან საფინანსო დაწესებულებას, რომლის იმიჯის შელახვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, ასევე ქვეყნის იმიჯსა და ბიზნეს გარემოზე" - ნათქვამია განცხადებაში.