თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სასამართლოს უპატივცემულობას.
ბრალდების მხარემ მოითხოვა მის მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.
პროკურორმა პროცესზე წარადგინა ზვიად კუპრავას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ზვიად კუპრავას ბრალი პროკურატურამ 19 თებერვალს წარუდგინა.