უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, გამოაშკარავებულია „საარჩევნო პირამიდა“, რომლითაც გამიზნული იყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა კონკრეტული კანდიდატის გამარჯვების ხელშესაწყობად.
უშიშროების სამსახურის თანახმად, ეჭვმიტანილები რამდენიმე რეგიონში მოქმედებდნენ და დაკავებული იყვნენ ამომრჩეველთა მოსყიდვით. ამავე წყაროს ცნობით, „პირამიდაში“ წამყვან როლს ასრულებდნენ რუსეთის მოქალაქეები, აგრეთვე უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ „რუსეთის სტრუქტურებთან“.
ოფიციალურ ბრიფინგზე გამოსვლისას, უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა უარი თქვა „პირამიდის“ ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ვინაობის გამხალაზე, რათა არ მოეხდინა „ვითარების პოლიტიზება“.
მაგრამ გაზეთ „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ არჩევნებში ჩარევის სქემის ორგანოზატორად მიიჩნევენ პარლამენტარს პარტია „ბატკივშჩინიდან", რუსლან ბოგდანს. გამოძიების ფარგლებში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ათობით ჩხრეკა ჩაატარეს.
საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდება. დარეგისტრირებულია 40-ზე მეტი კანდიდატი. ფავორიტებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი.