საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თურქეთის ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის, „ცხინვალის“ ფეხბურთელები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ფედერაცია მოუწოდებს კლუბ „ცხინვალს,“ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე.