Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილი პარტია ლიდერობს


მოლდავეთის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 31,7% აქვს პრორუსული ორიენტაციის „სოციალისტურ პარტიას.“ მას პრეზიდენტად არჩევამდე ხელმძღვანელობდა იგორ დოდონი.

25,4%-ით მეორე ადგილზეა პროევროპული ბლოკი ACUM-ი.

წინასწარი შედეგებით, ხმების 24,3% მიიღო მოლდავეთის მმართველმა „დემოკრატიულმა პარტიამ.“

6%-იანი ბარიერი გადალახა პოპულისტურმა კონსერვატიულმა პარტიამაც, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 8,6%-მა.

მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 49,2% იყო.

24 თებერვალს მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა შერეული სისტემით. 101-დან 50 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა, დანარჩენები კი ერთმანდატიანი ოლქებიდან.

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა და პარლამენტის სპიკერმა, ადრიან კანდუმ განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა.

მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებისგან განსხვავებით, ოპოზიციური პროევროპული ბლოკი ACUM-ი საპარლამენტო არჩევნებს არ თვლის დემოკრატიულად და სამართლიანად. ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, მაია სანდუს განცხადებით, მასშტაბური დარღვევების, მათ შორის მოსყიდვის გამო, 24 თებერვლის არჩევნები მოლდავეთის ისტორიაში ყველაზე არადემოკრატიული იყო.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, ცალკეული კანდიდატები მიუთითებდნენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის და უკანონო აგიტაციის ფაქტებზე. საერთაშორისო მეთვალყურეების შეფასებითვე, მოლდავეთის ძირითადი მედიასაშუალებები განიცდიან პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების გავლენას, რაც ზღუდავს მრავალფეროვანი აზრის გამოხატვას.

XS
SM
MD
LG