Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკა რუსეთის „ტროლების ფაბრიკად“ ცნობილ სააგენტოს


სანქტ-პეტერბურგი, 2018 წლის 20 ოქტომბერი: შენობა, რომელშიც განთავსებულია "ტროლების ფაბრიკად" წოდებული სააგენტოს ახალი ოფისი

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს რუსეთის „საინტერნეტო კვლევათა სააგენტოს“, რომელიც ცნობილია, როგორც „ტროლების ფაბრიკა“. ვარაუდობენ, რომ სააგენტომ სცადა აშშ-ის კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევა.

ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

„ტროლების ფაბრიკას“ უკავშირებენ რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულად მიჩნეული პირის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სახელს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ტროლების ფაბრიკას“ ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკეს 2018 წლის 6 ნოემბერს, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების დღეს. ოპერაციის მიზნად ასახელებენ აშშ-ის დაცვას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისაგან. ჟურნალისტები ამ ზომებს მოიხსენიებენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის პირველ კიბერთავდასხმად.

ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ ოფიციალურ პირებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ერთ-ერთი წყარო ეჭვობს, რომ კიბერთავდასხმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს „ტროლების ფაბრიკაზე“ ზემოქმედებას. მისი ვარაუდით, რუსეთის მხარე საპასუხოდ კიდევ უფრო გაზრდის სააგენტოს დაფინანსებას და შეუძლებელია აშშ-ის სრულად დაცვა მისი გავლენისაგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG