Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს


საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ერგნეთში

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცხინვალიდან სროლის და აფეთქებების ხმები ესმოდათ. ყველაზე კარგად სროლის ხმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგო.

ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის განცხადებით, საღამოს აფეთქებების და სროლის ხმა უკვე შეწყდა, მაგრამ დღის განმავლობაში ცხინვალში მიმდინარე სამხედრო სწავლებების ექო ქართულ სოფლებშიც კარგად ისმოდა. მისი თქმით ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებენ.

რუსეთის საოკუპაციო, მეოთხე სამხედრო ბაზის პირადმა შემადგენლობამ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში, ქალაქის სიახლოვეს, ძარწემის სასროლეთსა და ერედვის მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს.

13 თებერვალს სოფელ დიცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აუფეთქებელი ჭურვები გააუვნებელყვეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფელ დიცში რამდენიმე სახლს მინები ჩაემსხვრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნის შესახებ საქმის კურსშია. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლებები რეგიონში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG