Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა


ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტიცებულებებით დანაშაულის შემდეგი სქემა იკვეთება:

2008 წლის აპრილ-მაისში - ,,თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე - ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე - ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

ამის შემდგომ მოვლენები, პროკურატურის თანახმად, შემდეგნაირად განვითარდა:

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“:

1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;

2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;

3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;

4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას, 2012 წელს კი აღნიშნული კომპანიები საერთოდ გაათავისუფლა არსებული სასესხო ვალდებულებებისაგან.

გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.

"ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე - ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.ამის პარალელურად ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.“-ვკითხულობთ განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის თანახმად, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

პროკურატურა განმარტავს, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის სავარაუდო მონაწილეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG