Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა: ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძემ მიუთითა, რომ მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება


საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და უარყოფს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი,

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“:

„მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა გავრცელებულ განცხადებას თან ურთავს ამონარიდს მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:

„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება, მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ასეთი სიტყვებით.“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მისი სიტყვებით, „წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, თუ რა უნდა განვახორციელოთ და თუ არ განვახორციელებთ... ძირითადად უკავშირდება საარჩევნო, წინასაარჩევნო თემებს“.

მამუკა ხაზარაძის ამ ბრალდებას შს მინისტრი გიორგი გახარია პრივილეგირებული ბიზნესმენის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობად აფასებს:

"მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი მზადაა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტშიც მივიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG