პროკურატურა გამოკითხვის ფარგლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს პასუხს მოსთხოვს საპარლამენტო კომიტეტში, მუქარის წერილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შს მინისტრისგან, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ხაზარაძეს მსგავსი შინაარსის განცხადება პროკურატურაში არ გაუკეთებია. მან მხოლოდ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ. დღევანდელი გამოკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხებს იმის შესახებ, რაც მან თქვა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დროს, რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან და მოვთხოვთ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
"წერილი რა თქმა უნდა, თან მაქვს და უნდა წარვადგინო. დანარჩენს რომ გამოვალ, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს,“ - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ სასამართლოს შენობაში შესვლამდე.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოსაკითხად მას შემდეგ დაიბარა, რაც 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრი მსგავს ფაქტს უარყოფს.