Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით


"ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს, მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება," – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრომას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, – დეზინფორმაციას. სიძულვილის ენის ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ.

როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს.

დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ცილისწამებისგან დასაცავად თავისუფალი სიტყვის რეგულირების ინიციატივას აყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა პირველად 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ ამ ინიციატივაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს, თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, მოკლე შესავალ სიტყვაში ისევ ახსენა „კანონი ცილისწამების“ შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებამ მისი სიტყვები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად აღიქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG