Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი სტრატეგიული პარტნიორია


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინს 6 მარტს მოსკოვში შეხვდა
ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინს 6 მარტს მოსკოვში შეხვდა

კრემლში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა.

კრემლის პრესსამსახურის მიერ 6 მარტს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა „სამხრეთ ოსეთს“ უწოდა რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს „სამხრეთ ოსეთის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

პუტინის თქმით, რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და რესპუბლიკის მხარდასაჭერად აქვს საინვესტიციო და სხვა პროგრამები.

პუტინმა ბიბილოვს დაუდასტურა, რომ რუსეთი დამკვირვებლებს გაგზავნის „სამხრეთ ოსეთში“ ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. „დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონის შესაბამისად და დემოკრატიულ საფუძველზე“ - მიმართა პუტინმა ბიბილოვს.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთისთვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელების ტრადიციულად მაღალ დონეზე შეხვედრებს, რაც არწმუნებთ იმაში, რომ „სამხრეთ ოსეთის“ განვითარება და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც მაღალ დონეზეა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საკმაოდ ეფექტურად სრულდება რუსეთთან მეგობრობის და პარტნიორობის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება და მისგან გამომდინარე სხვა შეთანხმებებიც.

ბიბილოვმა პუტინს მადლობა გადაუხადა პროგრამებისთვის, რომლებიც მისი თქმით, არსებით გავლენას ახდენენ „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე და სერიოზული სოციალური ხასიათი აქვთ.

კრემლის პრესსამსახური პუტინის და ბიბილოვის საუბრის ამ ზოგადი შინაარსის გარდა მხოლოდ იმას იუწყება, რომ მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

XS
SM
MD
LG