საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანს შეცვლის აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.
მამუკა ბახტაძის თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მედიას უყვარს ასეთი თემების წამოწევა, ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე დათო, დათო ბაქრაძეც და დათო ზალკალიანიც არიან უმაღლესი პროფესიონალები, ისინი თავიანთ საქმიანობას ასრულებენ ძალიან მაღალ დონეზე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უთხრეს, რომ ქართული მედია საუბრობს სხვა საკადრო გადაადგილებებზეც. ბახტაძის განცხადებით, ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია.