Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძე არც მის დაკავებას გამორიცხავს


მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს ბოლო თვეების განმავლობაში პერიოდულად გავრცელებულ ცნობებს მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ.

“არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“ - განაცხადა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეკითხვას, დაკავებას თუ გამორიცხავს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: „ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ.“

ფიქრობს, თუ არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მათ, ვისაც ორკესტრირებულ შეტევაში ადანაშაულებს, ანაკლიის კონსორციუმიდანაც ხაზარაძის საკუთარი ნებით წასვლის იმედი აქვთ.

“რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, რომ საქართველოდანაც წადიო“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეკითხვას, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პოლიტიკაში წასვლისკენ ხომ არ უბიძგა, ხაზარაძემ უპასუხა: „არა და ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. სიმართლე არის სიმართლე! თუ ამას ვიღაც პოლიტიკას ეძახის, ეს შეფასება საერთოდ არ მაინტერესებს.“

ხაზარაძის თქმით, "გულდასაწყვეტია, რომ უაპელაციოდ ატრიალებენ 17 მილიონის თემას და არანაირი დეტალური ინფორმაცია არა აქვთ, რა მოხდა რეალურად."

„აქცენტი იმაზე გადააქვთ, რომ მოსახლეობას უთხრან, აი, წაიღო 17 მილიონი და არ დაუბრუნებიაო. ასე არ არის, ხალხო! ჩვენ არავის ვალი არა გვაქვს, ყველაფერი გასტუმრებულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. თუ ლაპარაკია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არასრულყოფილია - ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ბანკთან დაკავშირებულ პირთა პროცედურა, ამასაც გავასაჩივრებდით, მაგრამ ბანკისთვის პრობლემები რომ აგვერიდებინა, იძულებული გავხდით ეროვნულ ბანკთან დავა შეგვეწყვიტა“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მას აინტერესებს, თუ ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკთან“ ამ საკითხზე საუბარი დაამთავრა, მაშინ რაღაზეა ლაპარაკი?!

„ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ახლა მიდის ინტენსიურად ლაპარაკი იმაზე, რომ მამუკა და ბადრი ცალკე არიან და "თიბისიში" ყველაფერი კარგადაა. ამბობენ, რომ ანაკლია დიდი პროექტია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ხოლო მამუკა და ბადრი დაქირავებული მენეჯერები არიან. დაქირავებული მენეჯერები და ბიუროკრატები თავად არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს, რა ჰქვია ამას?! ოთხჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია?! ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში, ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები. ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG