Accessibility links

site logo site logo

კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა


კობა ნარჩემაშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა. ის 2016 წლის დეკემბრიდან იყო ფრაქციის, „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ წევრი.

ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უერთდება და როგორც მაჟორიტარისთვის, უფრო კომფორტულია მოსახლეობის წინაშე ვალდებულებების შესრულება.

„ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დისკურსი - „ქართული ოცნება,“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ძლიერია, საზოგადოებაში საკმაოდ დიდია მოთხოვნილება მესამე პოლიტიკურ ძალაზე.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოახერხებს თავისი თავის შეთავაზებას მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ მოძველებული დღის წესრიგით, ლანძღვით, არაოპონირების რეჟიმით, ამის გაკეთება ცუდიცაა და შეუძლებელიც, რადგან მოსახლეობა ითხოვს სხვას, ითხოვს საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას.მოსახლეობას აინტერესებს ვის როგორ შეუძლია მის წინაშე არსებული ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

გასულ კვირაში უმრავლესობა დატოვეს სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრმა მირიან წიკლაურმა. დაახლოებით ორი კვირის წინ უმრავლესობასთან ერთად სოციალ-დემოკრატების რიგებიც დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობიდან და „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG