ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 12 მარტის 10 საათიდან რეგისტრაცია იწყება.
რეგისტრაცია 3 აპრილის 18 საათამდე გასტანს და მასში მონაწილეობის მსურველები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად დარეგისტრირდებიან.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.
პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
მნიშვნელოვანი სიახლე 2019 წლის გამოცდებზე
- ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, წინა წლების ტესტირების გამოცდილების გათვალისწინებით, აბიტურიენტთა უკეთ შესაფასებლად, გარკვეული ცვლილებები შევა 4 გამოცდაში. ესენია ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხო ენები. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.