Accessibility links

site logo site logo

"გირჩი" მოითხოვს რომ მოსყიდვის მუხლის აღსრულება ივანიშვილით დაიწყოს, ან საერთოდ გაუქმდეს


პოლიტიკური პარტია „გირჩი“ უარს ამბობს აუდიტის სამსახურს წარუდგინოს „უაზრო ფინანსური დოკუმენტაცია,“ სანამ არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთოს დასკვნაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

„გირჩი“ თანამშრომლობაზე უარის მიზეზებს განმარტავს აუდიტის სამსახურისადმი ღია წერილში, რომელიც პარტიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

პოლიტიკური პარტია ჩამოთვლის საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც „გირჩის“ შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

„გირჩი“ მიუთითებს, რომ პარტიის, ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 40 მილიარდ ლარს, მისი 0,1% კი 40 მილიონი ლარია.

„ქართუ ფონდის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის vali.ge-ის მიხედვით, განულებულია 4.104.429.484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615.164 პირს შეეხო. ეს მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ.” ამას გარდა, არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით მათ მიერ დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი“ - ნათქვამია „გირჩის“ ღია წერილში.

პოლიტიკურ პარტიას მოჰყავს საქართველოს კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც პარტიას, ან პირს უკრძალავს საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიწოდებას და დაინტერესებას ფულადი სახსრებით, ფასიანი ქაღალდებით და სხვა მომსახურებით.

„მთავრობა მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაპირდა. საქართველოს 600 000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით - ეწერა ეუთოს პირველად დასკვნაში” - ნათქვამია „გირჩის“ ღია წერილში.

ოპოზიციური პარტიის განცხადებით, აუდიტის სამსახურს, ისევე როგორც, სხვა არც ერთ ორგანოს არ გამოუხატავს არანაირი დაინტერესება ამ ფაქტის მიმართ, არ დაუწყია მოკვლევა, არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ ქმედებათა კანონიერება, არ დაუბარებია ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ ბანკის“ სხვა წარმომადგენლები დაკითხვაზე და მათ მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.

„გირჩის“ შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ამ რეგულაციებმა ფაქტობრივად, აზრი დაკარგა ან მათი აღსრულება მომავალში მოხდება ცალმხრივად, მხოლოდ ოპოზიციის მიმართ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, როგორც უნდა დახარჯოს თავისი ფული და დადოს ნებისმიერი ნებაყოფლობითი გარიგება სხვა ადამიანებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებთან დადებული ვერანაირი ნებაყოფლობითი გარიგება ვერ იქნება დანაშაული და შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს კრიმინალი სახელად „ამომრჩევლის მოსყიდვა“. ამიტომ ვითხოვთ, გაუქმდეს ეს უაზრო ნორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აღსრულება უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტის გასამართლებით“ - ნათქვამია „გირჩის“ ღია წერილში.

პარტია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ყველა ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, ან მათ მიერ ფულის ხარჯვაზე, ხოლო თუ პოლიტიკური პარტია ფინანსდება მტერი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ გზით ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, „ამისთვის არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ისედაც გვისმენს და მშვენივრად იცის, ვინ ვისი აგენტია და ვის ინტერესებს ემსახურება.“

„ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა. მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდი და უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ“ - ნათქვამია აუდიტის სამსახურისადმი „გირჩის“ ღია წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG