Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომთან“ შეთანხმება გასაიდუმლოებულია


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა „რთული და ხანგრძლივი“ მოლაპარაკებები კომპანია „გაზპრომთან“ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით. კვლავაც გასაიდუმლოებულია „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, განაცხადა 12 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შეთანხმება წარმოადგენს "კომერციულ საიდუმლოს".

„ორი წლის წინ შეთანხმება ამ ფორმატში იყო დადებული და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხელშეკრულებას და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელშეკრულება გახანგრძლივდა ორი წლით და იმოქმედებს 2019-2020 წლების განმავლობაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას თქმით, ქართულმა მხარემ მიაღწია პოზიციების საგრძნობ გაუმჯობესებას ორი მიმართულებით - „გაზპრომს“ გაეზარდა საქართველოსთვის გადასახდელი სატრანზიტო საფასური და შემცირდა რუსული გაზის ფასი იმ კერძო ბიზნესისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესდებიან ამ ალტერნატივით. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსთვის გაზის ძირითად მომწოდებლად კვლავაც აზერბაიჯანი რჩება.

„ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით - პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.

მეორე ამოცანა იყო პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან.“ რაც შეეხება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება - სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით ანუ აზერბაიჯანი გაზის სფეროში კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად.

უფრო მეტიც - აზერბაიჯანული გაზის წილი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების კვალობაზე და საქართველოს, როგორც სატრანზიტო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანას, გააჩნია სრული საკუთარი რესურსი, რომ მოსახლეობა, სოციალური სექტორი და ელექტროენერგიის წარმოება მოამარაგოს აზერბაიჯანული გაზის წყაროთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

XS
SM
MD
LG