სომხეთში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი.
ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო დროშებით, წითელი ფიანდაზითა და საპატიო ყარაულით დახვდა სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ბევრი საკითხია განსახილველი და წინ წამოსაწევი, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს.
ორდღიანი ვიზირის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.