Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილის ”სამოქალაქო მოძრაობამ“ ოფისი თელავშიც გახსნა


თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებულმა „სამოქალაქო მოძრაობამ“ თელავში გახსნა კახეთის რეგიონული ოფისი.

ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობის მთავარი მიზანია მოქალაქეების გააქტიურება. „სამოქალაქო მოძრაობა“ მონიტორინგს გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასაც.

„სირცხვილია, რომ ამ ტურისტულ ქალაქში არც მუდმივი წყალია და არც მუნიციპალური ტრანსპორტი. სხვა არ მოვა და ჩვენ საქმეს არ გააკეთებს, ყველა ჩვენგანი უნდა გაერთიანდეს ჩვენივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის“- თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მან “სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთ მიზნად დაასახელა დამსხვრევა საბჭოური სტერეოტიპისა, რომ ყველაფერი ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს და მოქალაქეებს არავინ არაფერს ეკითხება.

„არავინ მოაგვარებს ჩვენს მაგივრად პრობლემებს. ქუჩა რომ არის დანაგვიანებული, ამას ჩვენ უნდა მივხედოთ, ხელისუფლება რომ კორუფციაშია ჩაფლული, ჩვენ უნდა ვაგებინოთ პასუხი’’ - განაცხადა ელისაშვილმა.

"სამოქალაქო მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციას სამოქალაქო აქტივისტები ნინო გოგოლაშვილი და აჩიკო მჭედლიშვილი უხელმძღვანელებენ.

„სამოქალაქო მოძრაობა“ 2018 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი რეგიონული ოფისები თელავამდე გაიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG