Accessibility links

site logo site logo

მაიკ პომპეომ წარმოადგინა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარმოადგინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2018 წელს.

წლევანდელი ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი თემაა მუსლიმი უიღურების მდგომარეობა ჩინეთის სინძიანის რეგიონში.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები,აცხადებენ, რომ ჩინეთი უიღურებსა და სხვა მუსლიმებს ათავსებს საკონცენტრაციო ბანაკებში და ეთნიკურ და რელიგიურ წმენდას აწარმოებს. პეკინი ირწმუნება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგ იბრძვის.

პომპეოს თქმით, ვაშინგტონი განიხილავს სანქციების შემოღების შესაძლებლობას იმ ჩინელი მოხელეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უიღურების მიმართ დარღვევებისთვის.

რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საშუალება.

აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უარყოფითი ვითარება შეინიშნება ანექსირებულ ყირიმში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს რუსეთის აგრესიულ ქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში. კერძოდ, დამკვირვებელთა მონაცმებით, რუსეთის ხელისუფლება დონბასში აკავებდა და სასამართლოს გადასცემდა უკრაინის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია ლგბტ თემის წარმომადგენელთა არასამართლებრივი დევნა ჩეჩნეთში; რუსეთის მოქალაქეების დევნა პოლიტიკური მოტივებით და ქვეყანაში ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში მოხსენიებულია საარჩევნო დარღვევები, კორუფცია, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც კონგრესს წარედგინება, ამზადებს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხების ბიურო. იგი 1977 წლიდან გამოიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG