Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ მაკედონიის სასამართლომ 16 პირს გამოუტანა განაჩენი 2017 წელს პარლამენტზე თავდასხმაში მათი როლის გამო


ჩრდილოეთი მაკედონიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მიტკო ჩავკოვი სასამართლო პროცესზე, 2019 წლის 15 მარტი.
ჩრდილოეთი მაკედონიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მიტკო ჩავკოვი სასამართლო პროცესზე, 2019 წლის 15 მარტი.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია იმ 16 ბრალდებულს შორის, რომლებსაც ჩრდილოეთ მაკედონიის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი ხანგძლივი პატიმრობის სახით 2017 წელს ამ ქვეყნის პარლამენტზე თავდასხმის გამო.

ყოფილ მინისტრს, მიტკო ჩავკოვს 18 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა „საკონსტიტუციო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის ტერორისტული საფრთხის შექმნის გამო“.

ჩავკოვი საჯარო უსაფრთხოების ოფისს ხელმძღვანელობდა, როცა 2017 წელს, 27 აპრილს თავდასხმა მოხდა პარლამენტზე.

სასამართლომ 15 სხვა პირს, სხვადასხვა ვადით მიუსაჯა პატიმრობა შვიდიდან 15 წლამდე მსგავსი დანაშაულისთვის. ერთი ეჭვმიტანილი, ცნობილი საოპერო მომღერალი, იგორ დურლოვსკი, გაამართლეს.

ზოგიერთი ბრალდებული დამნაშავედ სცნეს იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალეს პარლამენტზე თავდასხმას.

პარლამენტზე თავდასხმა მოხდა არჩევნების შემდგომ პერიოდში, პოლიტიკური არეულობის დროს, როცა ასამდე ნაციონალისტი დემონსტრანტი, ზოგი მათგანი ნიღბით, შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, დედაქალაქ სკოპიეში.

ნაციონალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ არ მიეცათ საშუალება მაშინ ოპოზიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატებისთვის, ჩამოეყალიბებინათ მთავრობა, რომელშიც შედიოდნენ მაკედონიაში მცხოვრები ეთნიკური ალბანელების წარმომადგენელი პარტიების წევრები. პარლამენტის იერიშისას დაიჭრა ბევრი ჟურნალისტი და კანონმდებელი, მათ შორის მაშინ ოპოზიციონერი, ზორან ზაევი, რომელსაც ახლა ქვეყნის პრემიერის პოსტი უჭირავს.

„მოვლენები გადაიცემოდა ტელევიზიით ცოცხალ ეთერში და მოქალაქეები ხედავდნენ ამ საშინელ კადრებს, ჟურნალისტების და დეპუტატების დასისხლიანებულ თავებს, რამაც უდავოდ, გამოიწვია დაუცველობის და შიშის განცდა, თქვა მოსამართლე დობრინა კაჩარსკამ.

გასამართლებულთა უმეტესობა ყოფილი ოფიციალური პირები, ან მთავარი ოპოზიციური კონსერვატული ჯგუფის, მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის - მაკედონიის ნაციონალური ერთობის დემოკრატიული პარტიის მიმდევრები იყვნენ. პარტიამ 15 მარტის სასამართლოს უწოდა არასამართლიანი და პოლიტიკურად არაობიექტური.

სამართალში იყვნენ მიცემული კიდევ 15 სხვა პირი, რომლებიც ადრე გაათავისუფლეს ზაევის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მიერ გამოცემული ამნისტიის საფუძველზე. ხუთი მათგანი, რომლებიც შეიწყალეს, კონსერვატული პარტიის დეპუტატები იყვნენ და მიიჩნეოდნენ ამ ქვეყნის სახელის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისას გადამწყვეტ ძალად. მაშინ ამ ქვეყანას იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია ერქვა და მეზობელ საბერძნეთთან მორიგების შემდეგ ჩრდილოეთი მაკედონია ეწოდა. ათენი პროტესტს გამოთქვამდა, რადგან საკუთრივ მაკედონია საბერძნეთის ერთი ისტორიული პროვინციის სახელწოდებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG