Accessibility links

site logo site logo

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მედიაში გამოგონილი ამბების გავრცელების თაობაზე


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მედიაში გამოგონილი ამბების გავრცელების გამო დაბლოკვისა და ჯარიმების შესახებ, ასევე ჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ ინტერნეტში ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი უპატივცემულობის გამო.

პირველი დოკუმენტი აკრძალვებს აწესებს ინტერნეტში ისეთი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და მის სანდო ინფორმაციად გასაღებაზე, რომელიც „საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ქონებას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, ასევე „საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებას“.

კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ელით ჯარიმა 100 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირებს - 200 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს - ნახევარ მილიონ რუბლამდე. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირებისთვის ჯარიმამ შეიძლება მილიონნახევარ რუბლს მიაღწიოს.

თავის მხრივ, ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ 100 ათასამდე რუბლით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს 200 ათას რუბლამდე.

საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო დუმამ 7 მარტს მიიღო. მოგვიანებით ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა.

კანონპროექტების უარყოფის მოთხოვნით გამოდიოდა ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭო და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG