Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: ვართ დაინტერესებულნი, რომ ანაკლიის პროექტი „კონსორციუმმა“ განახორციელოს


„ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და ვართ დაინტერესებულნი, რომ ეს პროექტი განახორციელოს სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოსა და კონსორციუმთან დადებულ ხელშეკრულების განხორციელებას, ვეხმარებოდით კონსორციუმს, რომ მათ წარმატებით შეესრულებინათ ეს პროექტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ამ პოზიციაზე, ვიზიარებთ ამ პოზიციას და ამიტომაც ვართ ჩართულნი კონსორციუმთან ერთად ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში, და ვართ დაინტერესებულები არა მარტო იმით, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, არამედ ვართ დაინტერესებული იმით, რომ უშუალოდ ეს კონკრეტული ინვესტორი აღმოჩნდეს წარმატებული, ვინაიდან, ჩვენც და მათაც, ამ პროექტში ჩადებული აქვთ საკმარისი დრო, ენერგია და თანხა“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას საფრთხე არ ემუქრება, რადგან მისი სიტყვებით, ეს არის ის პროექტი, რომლის გარშემოც ისეთი საზოგადოებრივი კონსენსუსი ჩამოყალიბდა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ პროექტი ნამდვილად განხორციელდება.

პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG