Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თეა წულუკიანი არის არარაობა


„თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი?”, - ასე გამოეხმაურა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის 20 მარტის განცხადებას.

"თეა წულუკიანი შენ ჩემი პასუხის ღირსიც კი არ ხარ მაგრამ მაინც. კარგად იცი რა დანაშაულიც ჩაიდინეთ და რას მალავთ თქვენი უღირსობით. ერთი საფრთხობელა მათხოჯი ხარ, რომელიც ქვეყნის მშვენიერებას აზიანებ სხვა არაფერიც უბრალოდ არარაობა ხარ და ეს არის და ეს!“,- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუკის გვერდზე „მამები სიმართლისთვის“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე გამსვლისას.

„თქვენ იძახით ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცეების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ? ეჭვი არსებობს? კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

"ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად, დამიბარეთ და კითხვები ვერ შეიმუშავეთ… თუ შეიქმნება მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,”- აღნიშნა თეა წულუკიანმა. კომისიის შექმნისა და იქ გამოსაკითხად მისი დაბარების შემთხვევაში, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს.

პანკისის ხეობაში 2017 წლის 27 დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად მისი ოჯახი და ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG