Accessibility links

site logo site logo

ხელისუფლება ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების გაძლიერებას აპირებს


ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გასააქტიურებელ სამუშაობზე იმსჯელეს კონფერენციაზე, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სექსუალური ხასიათის დანაშაულების ინტერნეტსივრცეში გადანაცვლება და ადრეული ქორწინება. მისი თქმით, ადრეული ქორწინებისას სამართალდამცველები ოჯახის წევრების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემას აწყდებიან.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში განხილვის ეტაპზე მყოფი კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს ეხება, შსს სპეციალურ ბაზებს შექმნის და ამ მიმართულებით კანონმდებლობასაც გაამკაცრებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვებზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ამჟამად პარლამენტშია ინიცირებული.

„ჩვენს მიერ შემუშავებულ ბავშვის უფლებათა კოდექსში ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც დაიცავს ბავშვებს სექსუალური ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ასეთი საშინელი შემთხვევა, აქაც გვაქვს გათვალისწინებული გარკვეული მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს ამ შემთხვევაში უფრო ადვილად გადაიტანონ ეს საზარელი ამბავი“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG