Accessibility links

site logo site logo

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული


შსს სამინისტროს თანახმად, მიმდინარე წლის 23 მარტს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. წარსულში ისინი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG