Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

500 ლარამდე ღირებულების ამანათები, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს


თუ საქართველოს პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ინტერნეტ მაღაზიებში ნაყიდი ნივთების განბაჟების ზღვარი 500 ლარამდე გაიზრდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ამაზონიდან ან რომელიმე სხვა ონლაინ მაღაზიიდან შესაძლებელი გახდება 500 ლარიანი ნივთის გამოწერა ისე, რომ ის არ დაიბეგრება.

დღეს მოქმედი წესის მიხედვით, 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის გამოწერის შემთხვევაში განბაჟების საფასურის გადახდაა საჭირო.

„ევროპელი დემოკრატების“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. წინ კიდევ რამდენიმე საკომიტეტო განხილვაა, შემდეგ კი პლენარულ სხდომა - ახალ კანონპროექტს კენჭი სწორედ სესიაზე უნდა უყარონ.

რატომ უნდა გაიზარდოს ზღვარი 500 ლარამდე და არა მაგალითად, 1000 ლარამდე ან სულაც ზღვარის გაუქმებამდე? - ოპოზიციის ინიციატივამ ეს კითხვაც გააჩინა.

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შესაძლოა, ზღვარის 1000 ლარამდე გაზრდა მოეთხოვა და ინიციატივა ჩავარდნილიყო.

„საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის 300-დან 500 ლარზე აწევის შესახებ ჩვენს ინიციატივაზე მთავრობის არგუმენტები იმდენად სუსტი იყო რომ, საბედნიეროდ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ბევრი მეკითხება რატომ არ შეიძლება ეს ზღვარი უფრო დიდი იყოსო. კომიტეტზე ვთქვი, რომ მომხრე ვარ ზღვრის 600-700 ლარამდე აწევის, ან ისეთ ნიშნულამდე გაზრდი, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს. მიზანი ინიციატივის კანონად ქცევა და ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების გაიოლებაა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭეტს, ონლაინ მაღაზიებით მოსარგებლე არაერთი მოქალაქისთვის ლარის გაუფასურების ფონზე ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2017 წლის დასაწყისში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესებას გულისხმობდა და ონლაინ მაღაზიებში ნაყიდი ამანათების დაბეგვრის საკითხიც მისი ნაწილი იყო.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ "ქართული ოცნება" მეორე მოსმენითაც მხარს დაუჭერს მათ კანონპროექტს და პრინციპზე შეთანხმდებიან, შესაძლოა დაბეგვრის ზღვარმა 500-დან 700 ლარამდეც აიწიოს. მისი სიტყვებით, ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა გავიდეს.

XS
SM
MD
LG