ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემოთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა აბსურდულია და ჩვენ მას ფასადურად მივიჩნევთ, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაფიცვის პროცესში მონაწილე სოცმუშაკმა, სოფო ხვთისიაშვილმა.
„ეს 4-პუნქტინი გეგმა წარმოგვიდგინეს ჯერ კიდევ გაფიცვამდე, მედიაციის პროცესში, როდესაც დავა დავიწყეთ. მაშინ ჩვენ არ დავთანხმდით, არ იყო მისაღები. ეს იყო პრობლემების ფასადურად მოგვარების მცდელობა. ამ 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობის შემდეგ გავიფიცეთ, ახლა გაფიცულები ვართ და გამოდის, რომ ისევ ამ 4-პუნქტიან გეგმას გვთავაზობენ?! ეს არასერიოზული მიდგომაა“, - ამბობს სოფო ხვთისიაშვილი.
დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, კვლავაც ითანამშრომლონ სამინისტროსთან 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის დასახვეწად და განსახორციელებლად.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4-პუნქტიანი გეგმა შეეხება სოციალური მუშაკების რაოდენობისა და საქმიანობის მოცულობის გადახედვას, ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ. მათი მოთხოვნებია: ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება; სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა; საპროცესო წარმომადგენლობა; ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება; ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.