საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკოლოზ ჯანჯღავას დღეს, 28 მარტს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის“ მიმდინარეობისას, ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, გენერლის წოდება ნიკოლოზ ჯანჯღავას წარმატებული საქმიანობისა და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის წარმატებით ჩატარებისთვის მიენიჭება.
„დღეს მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა რა ჩვენი წარმატება, სიმბოლურად სწორედ ამ სწავლების უშუალო ხელმძღვანელს, ქართველ ოფიცერს, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გამოუცხადა დიდი ნდობა და ის გახდება გენერალი. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, რომელიც გვაძლევს მყარ საფუძველს მომავალში, რათა უფრო დავუახლოვდეთ ნატო-ს, გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.