Accessibility links

site logo site logo

რუსეთი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცების ვენესუელაში ჩასვლა „არავისთვის არის მუქარა“


თვითმფრინავი რუსეთის დროშით კარაკასის აეროპორტში 24 მარტს, 2019 წელი.

მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარისკაცების ვენესუელაში ჩასვლა არ წარმოადგენს მუქარას არავისთვის.

კრემლის განცხადება პასუხი იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებაზე, გაეყვანა რუსეთს ჯარი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნიდან და მის გაფრთხილებაზე, რომ „ყველა შესაძლებლობა“ ღიაა იმისთვის, რომ ეს მიღწეულ იქნეს.

„რუსეთი არ ცვლის ძალთა წონასწორობას რეგიონში, რუსეთი არავის ემუქრება", განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

უფრო ადრე, მოსკოვში ვენესუელის სამხედრო ატაშემ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის წევრები ჩავიდნენ ვენესუელაში თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად და ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში.

23 მარტს რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა კარაკასის მახლობლად და 100-მდე სამხედრო გადასხა იქ. აქტი მოხდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე. დაპირისპირების მიზეზია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს წინ წამოწევა შარშან არჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დამხობის მიზნით. აშშ-მა და სხვა, 50-ზე მეტმა, ქვეყანამ აღიარა გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად.

რუსეთი, რომელმაც მილიარდობით დოლარი დააბანდა ვენესუელაში, მადუროს მტკიცე მოკავშირედ რჩება.

„რუსეთი უნდა გავიდეს“ ვენესუელიდან, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლთან ჟურნალისტებს 27 მარტს. შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლებს დაატოვებინოს რუსეთის ძალებს ვენესუელა, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ. ყველა შესაძლებლობა ღიაა.“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენას კარკასში უწოდა „არასასურველი პროვოკაცია“. აშშ-ის მთავრობა ფიქრობს, რომ რუსეთის სამხედროთა შორის არიან სპეცრაზმელები და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG