Accessibility links

site logo site logo

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ირანის საელჩოსთან საქართველოს დამცირება გავაპროტესტეთ


ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან ჩვენ არა მხოლოდ ირანელი რეპერის შეურაცხმყოფელი ქმედებები გავაპროტესტეთ, არამედ გავაპროტესტეთ ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის 14 მარტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2 საუკუნის წინ კავკასია ირანის ნაწილი იყო - განმარტა რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის, „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 28 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

„როდესაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, თეოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება საკუთარი ხალხისადმი - მიდით, იმოქმედეთ, ირანის სახელმწიფო თქვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს იმ ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიის განხორციელებაში, რომელიც აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას.

ისინი ხელიდან წასულს არ უწოდებენ იმ შესაძლებლობას, რომ, ექსპანსიის გზით განახორციელონ პრეტენზია იმ ე.წ. დაკარგულ მიწებზე, რომელშიც ჩაშენებულია ჩვენი ღვთივკურთხეული, 2000-წლოვან ქრისტიანულ კულტურაზე დამყარებული სახელმწიფოს ფესვები“, - მიმართა აქციის მონაწილეებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ირანელი გიდები, როდესაც სტუმრებს თბილისის შესახებ უყვებიან, მას ირანულ ქალაქს უწოდებენ.

29 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა ჯგუფებმა და აქტივისტებმა გამართეს. აქციის ორგანიზატორებად დასახელდნენ: გურამ ფალავანდიშვილი, ხათუნა მაჭავარიანი, ლევან ჩაჩუა, გურამ ქართველიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ორგანიზატორები საელჩოში სასაუბროდ შეიპატიჟა ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებების გარდა, აქციის ორგანიზატორებმა ელჩის წინაშე ასევე გააპროტესტეს ირანელი რეპერის, ამირ თათალუს მიერ თბილისში 24 მარტს ჩატარებული კონცერტი. აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ კონცერტზე რეპერმა გააკეთა ქართველებისა და საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებები და ასევე შეურაცხმყოფელი იყო მისი მოქმედებები და ჟესტები.

განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ ჩატარებულ კონცერტზე ამირ თათალუს შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ქმედებებს ტაშს უკრავდნენ საქართველოში მცხოვრები ირანელები.

ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა მათ განუმარტა, რომ თეირანს არავითარი ზეგავლენის ბერკეტი არ გააჩნია რეპერ თათალუს მსგავს პირებზე, რომლებიც ირანში აღარ ცხოვრობენ და დასავლეთის ქვეყნებში არიან მიგრირებული.

შესაბამისად, საელჩოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ემიჯნებიან მომღერლის ქმედებებსა და გამონათქვამებს. აქციის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ საელჩო საგანგებო განცხადებას გამოაქვეყნებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ირანის საელჩოდან თურქეთის საელჩოსკენ დაიძრნენ. მათ იქ გააპროტესტეს თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ტაძრის - „აია სოფიას“, ამჟამად - მუზეუმის, მეჩეთად გადაკეთების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG