უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა საპრეზიდენტო არჩევნებს, ფიქრობს, რომ 31 მარტს კენჭისყრა გაყალბდა.
ამის მიუხედავად, ტიმოშენკო არ აპირებს შედეგის სასამართლოში გასაჩივრებას. მე პატივს ვცემ ხალხის არჩევანსო, განაცხადა მან კიევში 2 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ტიმოშენკოს სიტყვებით, 31 მარტის კენჭისყრა იყო „ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის“. მისი აზრით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოიყენა „ტექნოლოგიები“ თავისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად - არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტურში გასასვლელად.
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების თითქმის მთლიანად დათვლის საფუძველზე 2 აპრილს გამოაცხადა, რომ კომიკოს ვლადიმირ ზელენსკის ერგო ხმების 30,24%, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ პოროშენკოს - 15,93%. ტიმოშენკოს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 13,39%-მა. მეორე ტურში გავიდნენ ზელენსკი და პოროშენკო.