„ხაბარელი“ - ასე ეწოდა ილეთს, რომლითაც ვეტერან ქართველ ძიუდოისტს შოთა ხაბარელს არაერთი გამარჯვება მოუპოვებია. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დააფასა.
29-31 მარტს თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ხაბარელს შეხვდნენ და უთხრეს, რომ მის საყვარელ ილეთს ამიერიდან მსოფლიო მისი სახელით მოიხსენიებს. თან არა მარტო ძიუდოში, არამედ სუმოშიც.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებსაიტმა შოთა ხაბარელს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც თავად ვეტერანი ძიუდოისტის ინტერვიუცაა.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სახელს ატარებს ილეთი, რომელსაც ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები ახლაც აქტიურად იყენებენ.როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში მაინც დარჩება“ - განაცხადა შოთა ხაბარელმა.