Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მოითხოვა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშის სრული ვერსია


აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი.
აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა მოითხოვა სრული ვერსია სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშისა, რომელიც ეხება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. შესაბამის მოთხოვნას მხარი დაუჭირა 24-მა კონგრესმენმა 17-ის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეროლ ნადლერს საშუალებას მისცემს, ჩვენების მიცემისთვის გამოიძახოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხუთი ყოფილი თანაშემწე. მათ შორის არიან ყოფილი მრჩევლები - სტივ ბენონი და დონალდ მაკგანი.

როგორც როიტერსი აღნიშნავს, გამოძახებამ შესაძლოა კონგრესსა და იუსტიციის სამინისტროს შორის წინააღმდეგობა გამოიწვიოს.

მანამდე აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს მიულერის ანგარიშს, მაგრამ აპრილის შუა რიცხვებში და არა 2 აპრილს, როგორც ამას კონგრესის დემოკრატიული უმრავლესობა ითხოვდა. ახლა ვარაუდობენ, რომ ანგარიში გამოქვეყნდება მასში შემავალი საიდუმლო მონაცემების გარეშე. ეს ხელს არ აძლევს არც დემოკრატებს, არც რესპუბლიკელებს.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მიულერს არ აღმოუჩენია ტრამპის მიერ კანონის დარღვევა. ამასთან, გამომძიებლებმა დაადგინეს რუსეთის მხრიდან ჩარევის ორი ეპიზოდი - დეზინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სოცქსელებში, ასევე ჰაკერული თავდასხმები, რის შედეგადაც, კერძოდ, გატაცებულ იქნა დოკუმენტაცია დემოკრატიული პარტიის სერვერიდან.

XS
SM
MD
LG