Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელი პატიმრების მდგომარეობას სახალხო დამცველი სწავლობს


სახალხო დამცველმა ბათუმში სამი პატიმრის თვითდაზიანებების ფაქტის შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მსჯავრდებულებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი პროტესტის მიზეზების შესახებ და ახლა უკვე მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

„გუშინვე ვიყავით შესულები საპატიმროში. ვნახეთ სამი პატიმარი. მათგან მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იყო მათი პროტესტის მიზეზი. როგორც თვითონ განგვიცხადეს, ჰქონდა ადგილი გარკვეულ შეურაცხყოფას და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ციხის თანამშრომლის მიმართ. ბუნებრივია, ეს შესასწავლი საკითხია და დადასტურებულად ვერ ვიტყვით. ამ საკითხის შესწავლას ვაპირებთ. როგორც გავიგეთ პროტესტის ნიშნად მავთულით გადაებნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც მოხდა მათი განცალკევება და დეესკალაციის ოთახებში გადაყვანა. ბუნებრივია, მათ ეტყობოდათ ნაჭდევები იმ მეტალის ნივთებისგან მიღებული, რითაც ერთმანეთს გადაებნენ. როგორც ვიცი, ამ კუთხით პირველადი დახმარება აღმოუჩინეს“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ბათუმში სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები 3 აპრილს მიიყენა. მსჯავრდებულები ციხეში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. წერილში, რომელშიც პატიმრებმა ციხიდან გამოგზავნეს, დეტალურადაა აღწერილი, რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

პატიმრების წერილში აღწერილ სიტუაციას კატეგორიულად უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური და პატიმრების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. უწყება აქეთ სდებს ბრალს წერილის ავტორებს და განცხადებაში, რომელიც მათ 4 აპრილს გაავრცელეს, წერს, რომ პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იგივეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG