Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: თურქეთში ცხინვალის „წარმომადგენლის“ დანიშვნას არა აქვს იურიდიული ძალა


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ "ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თურქეთის რესპუბლიკაში ე.წ. წარმომადგენლად გამოაცხადა ადგილობრივი, კერძოდ, ეთნიკურად ოსი პირი".

„ბუნებრივია, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლის გამოცხადებას თურქეთის რესპუბლიკაში არა აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას.

„თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

თურქეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და ინტენსიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით“, - აცხადებს საგარეო უწყება.

სააგენტო „რეს“-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში თავის წარმომადგენლად დანიშნა რემზი კანუკატი, იგივე რემზი ილდირიმი - თურქეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რემზი კანუკატი თურქეთში შეასრულებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა“ საკონსულო მომსახურების ფუნქციასაც და თავის საქმიანობას განახორციელებს თურქეთში მცხოვრები ოსების საზოგადოების, „ალანის“ მხარდაჭერით.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი წარმომადგენლის ფუნქციებშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან საქმიანი ურთიერთობები და კავშირები თურქეთში აკრედიტებული ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG