Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: მურუსიძეს არ ჰქონდა გირგვლიანის საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების ბერკეტი


“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დაებრუნებინა წინა ინსტანციის სასამართლოში. ივანიშვილის აზრით, მურუსიძეს ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ძალები, რადგან მან არ ისურვა “დარჩენილიყო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ”.

ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა ლევან მურუსიძის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ნაცვლად გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, რითიც შეუძლებელი გახადა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა.

“რაც იყო მაქსიმუმი, მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რამეთუ მკვლელობისთვის სასჯელი არ იყო საკმარისი. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დასძინა, რომ გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძე "თამაშის მონაწილე" იყო. "პარადოქსია, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი" - თქვა ივანიშვილმა.

შალვა შავგულიძე იყო გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი და მან გაასაჩივრა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შავგულიძე კენჭს იყრის 2019 წლის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. ის მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის. შავგულიძე კანდიდატად “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG