Accessibility links

ივანიშვილი: ვისურვებდით, ანაკლიის პორტი კერძო ბიზნესმა ააშენოს, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, სახელმწიფოს მოუნდება


ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ვარაუდების შესახებ, რომ თიბისი ბანკის გარშემო დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება.

ჟურნალისტის შეკითხვას ვარაუდებზე, რომ ანაკლიის პორტის "ხელში ჩაგდება" მას სურს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ თუ ამ პორტს კერძო ბიზნესი ააშენებს, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი სახელმწიფოს მხრიდან - მაგრამ ბიზნესი თუ ამას ვერ შესძლებს, "სახელმწიფოს მოუნდება".

“თუ ამ პორტს ააშენებს კერძო ბიზნესი, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი. თუ სახელმწიფოს არ მოუწევს 600-მილიონიანი კრედიტის მოზიდვა, ეს მისასალმებელია და მე მადლობაც გადამიხდია ხაზარაძისთვის და გუნდისთვის, თუ ესენი ამას მოახერხებენ" - განაცხადა ივანიშვილმა.

"... ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია. შეიძლება, 30, 40 ან მეტი წლები დასჭირდეს, რომ რეალური მოგება მიიღოს ბიზნესმენმა. როგორც წესი, სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ... ყველაფერში მივყვებით ... პროექტი არის საჭირო სახელმწიფოსთვის და თუ კერძო ბიზნესი ვერ გააკეთებს, სახელმწიფოს მოუნდება” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ექსპერტების თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ვარაუდებზე, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული. სინამდვილეში "ისინი უტევენ ხელისუფლებას და არა ხელისუფლება მათ" - აცხადებს ივანიშვილი.

"პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა, მან ყველაფერი დაამტკიცა მათ შორის პარლამენტში, საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები და გაკეთდა რეაქციები. ორი პიროვნება გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები". ივანიშვილის თქმით, ტრანზაქცია, რომელსაც ეფუძნება ბრალდებები, "ძალიან უხეშია... 17 მილიონი როგორ გაიცა. ... კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. მე ბიზნესი დავიწყე როდის, ველურ გარემოში, რუსეთშიც ასეთი რამ არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქციები კეთდებოდა. ბანკი მეც მქონია და რუსეთშიც მქონდა და აქაც მაქვს".

საქართველოს პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას, რომელშიც ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

მამუკა ხაზარაძე ამ პროცესებს უკავშირებს ანაკლიის პორტის საკითხს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელშიც შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG