Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსის თეთრად შეღებვის ნაცვლად მძღოლებს თეთრი ფირის გადაკვრის უფლება მისცეს


თბილისის მერიამ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების თეთრად შეღებვის ნაცვლად შესაძლებლობა ექნებათ ავტომობილს თეთრი ფირი გადააკრან.

„ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მძღოლების განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", - თქვა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

მისი განცხადებით, რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან თბილისი და მისი მოსახლეობა იმსახურებენ, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები.

"ტაქსის 27000 მძღოლი, ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით და გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან" - განაცხადა ელოშვილმა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ტაქსის მძღოლები დღეს თბილისში გამართავენ საპროტესტო მსვლელობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაგეგმა "ლეიბორისტულმა პარტიამ." მისმა წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიის პირობები მიუღებელია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსი იმოძრავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG