Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი სავარაუდო მხარდამჭერი


რუსეთის ქალაქ ტიუმენში სამართალდამცველებთან ურთიერთსროლის დროს მოკლეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი სავარაუდო მხარდამჭერი.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ქალაქში ამოქმედდა „ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“.

როგორც სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 12 აპრილს მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ორი შეიარაღებული პირი ამზადებდა ტერორისტულ თავდასხმას ტიუმენში.

კომიტეტის თანახმად, ორივე პირმა უარი თქვა იარაღის დაყრაზე, ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს და საპასუხო სროლის შედეგად იქნა მოკლული.

ტიუმენი ციმბირში, მოსკოვის აღმოსავლეთით 2500-მდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც ჩანან 12 აპრილის ღამეს ქალაქის სხვადასხვა რაიონში მყოფი შეიარაღებული სამართალდამცველები და მათი სატრანსპორტო საშუალებები.

რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტი არაფერს იუწყება ტერაქტის გეგმის დეტალებზე და არც სავარაუდო შეთქმულებზე. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ბრალდების სისწორეს.

რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, ამ ქვეყნის 2000-მდე მოქალაქე შეუერთდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებს სირიასა და ერაყში საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG